ორი სათაური... ორი ერთმანეთისგან განსხვავებული კუთხე... ორი სრულიად განსხვავებული მწერალი... ორივე განსაკუთრებული და ორივე განსხვავებულად ორიგინალური... სქესთა ბალანსი დაცულია - ხევსური ქალი გურულ მამაკაცს მხარდამხარ მისდევს... კალამი ორივეს უჭრის, ენაც... და ორივეს თავისებურად შთამბეჭდავად...
ყოველ სამშაბათს ამ ორ განსხვავებას მკითხველი saba.com.ge-ზე ეძებს. კვირაში ერთხელ ხევსურული “გრძელი ზამთრების ქვეყანა” და “გურული დღიურები 2” ელექტრონულ სახლში საზოგადოებისთვის ერთ წიგნად ერთიანდება. იდეა saba.com.ge-ს ეკუთვნის, განხორციელების ვალდებულება კი კვირის სხვა დღეებში სხვადასხვა მხარეს მდგომ მწერლებს ეკისრებათ. ერთმანეთს არ იცნობენ, არ უთანხმდებიან, დამოუკიდებლად წერენ და ადრესატთანაც დამოუკიდებლად აგზავნიან. “თანაშემოქმედის” ნაღვაწს კი, როგორც მკითხველები, გამოქვეყნების შემდეგ ეცნობიან.
ირინა ჯავახაძე, “საბას” ელექტრონული სახლის დირექტორი: saba.com.ge -ზე ეს ორივე მწერალი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, ორივე ახალგაზრდაა, ორივე “საბას” ლაურეატია, ორივე მწერლის წიგნი, კეკელიძის “გურული დღიურებიც” და ლიქოკელის “დევის ცოლის სიცილიც” საიტზე კარგად გაიყიდა. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ საზოგადოებისთვის, შეიძლებოდა, რაღაც ერთიანი სახითაც შეგვეთავაზებინა. ერთი, მოგეხსენებათ, მთიდან არის, მეორე გურიიდან და ჩავთვალეთ, რომ ეს ტანდემი ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი მკითხველისთვის… არც შევმცდართ…
საინტერესო რა არის კიდევ, იცით? როგორც თქვენ ეცნობით ამ ყველაფერს საიტზე, ისე ეცნობიან ისინიც ერთმანეთის შემდგომ თავებს. ერთმანეთს წინასწარ არაფერს უზიარებენ, არაფერს უთანხმებენ, ორივე ცალ-ცალკე გვიგზავნის საკუთარ ნაწილს, რომელიც, როგორც ჩანს, თემატურად ემთხევა კიდეც. ყველაფერი კი თანდათან რაღაც ლოგიკურ კავშირში მოდის და წიგნსაც უფრო საინტერესოს ხდის.
სახელწოდება თვითონ შეარჩიეს – საკუთარი ნაწილი ორივე ცალ-ცალკე დაასათაურა და რადგან ამ ორიდან ერთ-ერთი ქალბატონია, პირველ ადგილზე სწორედ მისი ნაწილის სათაურის გამოტანა გადაწყდა.
მათ დროშიც არავინ ზღუდავთ, სადაც გადაწყვეტენ, რომ უნდა გაჩერდნენ, იქ გაჩერდებიან. ჩვენ არავითარი ინსტრუქცია არ მიგვიცია, თუმცა მწერლების პროგნოზით, ეს სადღაც მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
მთავარი ისაა, რომ ერთმანეთთან, ჯერჯერობით, სიამტკბილობა აქვთ, მკითხველის მხრიდანაც დიდი ინტერესია და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება ბოლომდე.
ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი და როგორც ჩანს, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. უკვე ხუთი თავია გამოქვეყნებული.
მთავარია, ჩვენ მიერ შეთავაზებულ ინიციატივას ორივე მწერალი დაეთანხმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც კავშირს გრძნობდნენ ერთმანეთთან თვითონაც.
კავშირი ნამდვილად არსებობს ... იდეა ორივეს მოეწონა, მოწონების მიზეზიც ერთი და იგივე იყო - ის განსხვავება, რომელიც ამ წიგნს გააერთიანებდა. დღეს არცერთმა არ იცის, რას დაწერს შემდეგ თავში, არც დასასრული დაუგეგმავს არცერთს, მოვლენებს დრო ჰკარნახობს ორივეს და არც უერთმანეთობა უქმნის დისკომფორტს რომელიმეს. კრიტიკას ორივე ღირსეულად ღებულობს, გააჩნია, ვინ გააკრიტიკებს. ორივე საკუთარი თავისთვის ქმნის და მერე ფართო საზოგადოებასაც აცნობს. გამოუქვეყნებელი არაფერი რჩებათ - თუ წერენ, მკითხველამდეც მიაქვთ. საკუთარი ნაღვაწის მიმართ ორივე მკაცრია და საკუთარი შემოქმედების ნაწილს ორივე გვარიანად აკრიტიკებს, თუმცა ორივე მათგანისთვის ყველაზე კომპეტენტური შემფასებელი მაინც მკითხველია. ორივე სევდიანი და ამავდროულად, პოზიტიურია... რაც მთავარია , ორივე ჭკვიანი, ორივე ორიგინალური და ორივე კარგი მწერალია... და მაინც...
გიორგი კეკელიძე: ეს არის ორი სრულიად დამოუკიდებელი წიგნი ორი დამოუკიდებელი ავტორის, არავითარი პროფესიული კოორდინაცია ამ თვალსაზრისით არ მიმდინარეობს, ანუ არც თემატიკას, არც პერიოდებს ერთმანეთს არ ვუთანხმებთ, ტექსტებიც სრულიად დამოუკიდებლად იწერება, რედაქციაში იგზავნება და შემდეგ ქვეყნდება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ერთად კეთდება, ბადებს განცდას, რომ აქ შეიძლება რაღაც საერთო ნიადაგის პოვნაც შეძლოს ვინმემ. ეს საერთო კი არის ჩვენი ბავშვობა საქართველოს ორ სხვადასხვა კუთხეში და ამ ბავშვობიდან ნაკარნახევი ამბები, რომელიც დღესაც ახდენს გავლენას ჩვენზე. ვფიქრობ, ეს პროექტი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ორი სხვადასხვა ავტორის, ორი დამოუკიდებელი წიგნი ერთ წიგნში თავმოყრილი. არავითარი თვისობრივი ბმა, ვგულისმხობს სიუჟეტს და სხვა ნიუანსებს, რაც მხატვრულ ლიტერატურაში შეიძლება ერთ ტექსტს აერთიანებდეს, ამას არ აქვს.
ამ დროს, ვერ ვიტყვით, რომ მკითხველის ნაკლებობას უჩივის პროექტი, უფრო პირიქით… ვნახოთ, რა გამოვა, საბოლოო ჯამში.
– ორი დამოუკიდებელი, ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი… როგორ ფიქრობთ, ხომ არ გადაიკვეთება სადმე ეს ისტორიები და სად შეიძლება არსებობდეს გადაკვეთის სავარაუდო წერტილი?
-ელექტრონული სივრცის უპირატესობა, ალბათ, ის არის, რომ არ საჭიროებს ამგვარ აუცილებლობას, განსხვავებით, მაგალითად, უფრო მონოლითური ტიპის გამოხატვებისგან, როგორიცაა, იგივე კინემატოგრაფია, იგივე მხატვრობა, იგივე ბეჭდური სახის წიგნი, სადაც შენ იმთავითვე გიჩნდება განცდა, რომ ის სივრცე, რომელიც შენ ხელთ გიპყრია, უნდა გაერთიანდეს იმიტომ, რომ გარკვეულ მოცემულობაშია იმთავითვე დატეული. აქ ერთგვარი სიმულაციაა, თუნდაც სოციალური ქსელის, სადაც თქვენ შეგიძლიათ, ერთ სივრცეში ნახოთ სრულიად განსხვავებული ადამიანების კომენტარი, რატომაც არა, რომ ეს იყოს სიმბოლურად გადატანილი ერთ წიგნში, ეს არის ერთგვარი გამოძახილია სოციალური ქსელის.
– ფაქტობრივად, თქვენც ვერ ხედავთ მსგავსებას თქვენს, ანუ ორ ინდივიდს შორის.
– ვერა და ამის აუცილებლობაც არ არის.
– როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს იცნობს, თუნდაც მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, ვპოულობთ მსგავსებას და განსხვავებას ჩვენში…
– მე და თქვენ უფრო ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს, ვიდრე მე და ლია, ამიტომ ამ თვალსაზრისით დაკვირვებები არ მაქვს, თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან ნიჭიერი მწერალია, ძალიან პერსპექტიული…
– აღნიშნეთ, რომ საერთო თემა ბავშვობაა… მაგრამ თქვენ არ წერთ მხოლოდ ბავშვობაზე… აღწერთ ბოლო დროს მომხდარ ამბებსაც…
– განსხვავებით წინა წიგნისგან, რომელიც დიდ დროში იწერებოდა და ფრაგმენტულად, ამ შემთხვევაში ავირჩიე მეთოდი, რომ მეწერა მართლა დღიურები, ანუ მეწერა დროის და ამ დროში მოსული ემოციების კვალდაკვალ. უბრალოდ, აუცილებელია ის, რომ გუშინ და დღეს გამახსენდეს ეს ამბავი და ამ ამბავზე გარკვეული განცდებით დავწერო. წინა წიგნის შემთხვევაში სხვა ვითარება იყო. ერთი თავი, მაგალითად, დაიწერა 2012-ში, მეორე 2013-ში და ა.შ. დაახლოებით, ასეთი გადანაწილებით, ოღონდ ცოტა მეტი რაოდენობით, თავებს ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა – მე მივდევ დროს კვალდაკვალ.
ლია ლიქოკელი, მწერალი: ალბათ, ნაკლებად საინტერესო იქნებოდა, ორივე ერთნაირად, ერთ გარემოზე რომ ვწერდეთ. იდეა სწორედ ამიტომ მომეწონა, რომ ორივე მხარე განსხვავებული იყო. თუმცა ყველაფერი მაინც ერთ სივრცეში ხდება – დაახლოებით, ერთი ასაკის ადამიანები ერთ წიგნში ძალიან განსხავებულ აზრებს აზიარებენ.
ამბის მოყოლა ბავშვობიდან დავიწყე, ანუ დავიწყე იქიდან, საიდანაც უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის. არ ვიცი, სადამდე მივალ, არ ვიცი, როგორი იქნება მომდევნო თავი, არ ვიცი, რა იქნება სამი თავის შემდეგ. წინასწარ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, ან სად დამთავრდება ამბავი. უცნაური ექსპერიმენტია ეს ჩემთვის და ამავდროულად, ძალიან საინტერესო.
– თავიდან ყველაფერი თითქოს აცდენილი იყო ერთმანეთს, ახლა უფრო იგრძნობა კავშირი, თითქოს ერთმანეთსაც დაუახლოვდით. ეს შემოქმედებითი დაახლოებაა თუ ერთმანეთი უკეთ გაიცანით დროთა განმავლობაში?
– არ ვიცი, ეს თავისთავად ხდება, როგორც ჩანს… განგებ არ გამიკეთებია არაფერი …
და ასე... უნებლიედ, ორი განსხვავებული ტიპაჟი ერთ სულად გაერთიანდა, ორი სხვადასხვა სამყარო ერთ სივრცეში მოექცა, ორი სხვადასხვა ამბავი ერთ წიგნად გამოიცა... და მაინც... განსხვავება დიდია... ბავშვობაც განსხვავებული...
– ნამდვილ დღიურებზე რას იტყვით? ბავშვობაში ყველას გვქონია… არასდროს გაგჩენიათ ბავშვობის ასაკის ჩანაწერის დახევის სურვილი? გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც რაღაც დაგიწერიათ, გადაგიტანიათ ფურცელზე, მაგრამ არავისთვის გიჩვენებიათ?
გიორგი კეკელიძე: არა, დახევის სურვილი არ გამჩენია, შემრცხვენია, მაგრამ … ეს ყველაფერი მაინც ისტორიაა, შესაბამისად, გაჩვენებს საკუთარ განვითარებასაც… წარსულის წაშლა წარმოუდგენელია, თუ რაღაც სამედიცინო თვალსაზრისით პრობლემები არ შეგვექმნება. ამიტომ სჯობს წარსულს თვალი გავუსწოროთ, რაღაც ვისწავლოთ… არანაირი პრობლემა არ მაქვს. შეიძლება, რაღაც არ მომწონს, მაგრამ … რაც შეეხება ფურცელზე გადატანას და ვინმესთვის ჩვენებას, მე მწერლობა, პირველ რიგში, სხვისთვის გამხელის ხელოვნება მგონია. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წერს, თუ დღეს და ხვალ არა, ზეგ ან მაზეგ მაინც გულისხმობს წამკითხველს. ეს მარტივი ანბანური ამბავია. ამისთვის არის წერა მოგონილი, სხვა შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავში მოხარშავდა ამბებს. საკუთარ თავშიც მაქვს ბევრი ამბავი, რომელიც ფურცელზე არ გადმომიტანია.
– და მაინც, ვისთვის წერთ, მკითხველისთვის თუ საკუთარი თავისთვის?
-პირველ რიგში, ვწერ საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე მკითხველისთვის. ასე რომ არ იყოს, აღარ დავწერდი საერთოდ და საკუთარ თავს მოვუყვებოდი ყველაფერს.
– მეხსიერებას ცოტა ხანს შემორჩება ზეპირი ნათქვამი, ბავშვობიდან ხომ ყველაფრის გახსენებას ვერც ვახერხებთ ხშირად …
– შეიძლება ფრაზებად დალაგებული არ შემორჩეს, მაგრამ რაღაც მნიშნველოვანიდან გამოწვეული ემოციები შემორჩეს დიდხანს.
ახლახან მამა გარდაეცვალა, ხელიდან ბებიაც გამოეცალა. სამყარო კიდევ უფრო ტკივილიანი და შეიძლება, კიდევ უფრო უფერულიც გახდა. ემოციები ჯერ სოციალურ ქსელს, შემდეგ გურული დღიურების მკითხველს გაუზიარა. რეალობასაც არ მოწყვეტია... და მაინც...
-როდესაც საკუთარი შემოქმედებით თქვენი ცხოვრების გადმოცემას ცდილობთ, როდესაც წერთ ცალკეულ ნიუანსებზე, მათ შორის სიკვდილზე, ჩანს დიდი სიყვარული სიცოცხლის მიმართ, ადამიანების მიმართ… საუბრობთ მამაზე, იმ ხეზე, რომელზეც სახელებს “კაწრავდით” ერთად… წერთ, რომ მამათქვენი ისევ იქ, ტყეში დახეტიალობს და…
თქვენ მართლა გჯერათ იმქვეყნიური ცხოვრების?
გიორგი კეკელიძე: მე, როგორც სხვა, ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ ამას. ძალიან რთულია იმ გამოცდილებაზე საუბარი, რომელზეც სხვა დანარჩენს არასდროს უსაუბრია. ეს არის რწმენის საკითხი. მე თუ არ მჯერა, ყოველ შემთხვევაში, მშურს იმ ადამიანების, რომლებიც ისე მტკიცენი არიან საკუთარ რწმენაში, რომ ზუსტად იციან, მაგალითად, რომ მათი ახლობლის სული სადღაც სხვა ადგილას განაგრძობს არსებობას. აქ შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფრაზა – მე უფრო მინდა, მჯეროდეს ამ ყველაფრის, ვიდრე ამ წუთას მტკიცედ მჯერა.
– რომ წერდით, მაშინ გჯეროდათ?
– იქ არ წერია დადასტურებით, თუ არის-მეთქი, ეს აღვნიშნე მხოლოდ…
– თუ, ალბათ… ხშირად იყენებთ ამ ფრაზებს…
– ამ საკითხთან დააკავშირებით მიყვარს, უფრო სწორად, კი არ მიყვარს, გარემოება მაიძულებს, გამოვიყენო. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ იცით ზუსტად, რა შეიძლება მოხდეს.
ფინალი უცნობია, ე.წ. "ჰეფი ენდი" - გარანტირებული... სხვანაირად არ შეიძლება და ამიტომ. გადაკვეთის წერტილებზე არ ფიქრობენ, უბრალოდ წერენ... მერე ყველაფერი თვითონ გადაკვეთს ერთმანეთს სავარაუდოდ... შეიძლება, არც გადაკვეთოს... განუსაზღვრელი და უ-სასრულო - სწორედ ამით ხდება ამბავი საინტერესო...
– თქვენ თუ გაქვთ გადაწყვეტილი, სად დასვამთ წერტილს?
ლია ლიქოკელი: წერტილი შეიძლება მალევე დავსვა და შეიძლება ღმრა სიბერეც აღვწერო,რომელიც ჯერ არ დამდგარა…
– თქვენივე შემოქმედებიდან გამომდინარე, არ გამიკვირდება, რომ სიბერეც წინასწარ “განჭვრიტოთ” …
– რა თქმა უნდა, ყველაფერს მართალს ხომ არ ვწერთ?!…
– რა თქმა უნდა… თქვენ წერთ, მაგალითად, როგორ იშვილეთ დედა, როგორ შეგიყვარდათ ყვავი, ან როგორ წავიდა სამოგზაუროდ ნახშირის უთო… ზოგადად, ძალიან ორიგინალური მიგნებები გაქვთ… ისეთი, აზრად რომ არ მოუვა არავის…. ეს თქვენი სულის გამოძახილია, იმწუთიერი მდგომარეობა, თუ?…
– ეს თავისთავად ხდება. უცებ გაჩნდება რაღაც, ერთი შეხედვით, სულელური იდეა, და ძალიან ზუსტად მოყვება ყვავზე გათხოვების ლექსით შენს ამბავს. თითქოს არც იკითხები… ეს თავისთავად ხდება, რამე ისეთი ყოფითი დეტალი არ არის, რომელმაც ეს გამოიწვია. ხდება ხოლმე, სპეციალურად ამაზე არ ვფიქრობ, თავისთავად გამომდის.
– სოციალურ ქსელში კაბაზე წერდით, რომელიც ერთადერთი იყო თქვენს გარდერობში, პეპი ეხეტა გულზე. მე მაშინ ბავშვი ამოვიკითხე თქვენში… ხან ვფიქრობ, ზედმეტად დიდიც ხართ თქვენი ასაკისთვის… ემოციურიც…. და მაინც, როგორი ხართ სინამდვილეში? ისეთი, როგორიც საკუთარ შემოქმედებაში ჩანხართ თუ უფრო ღრმა, რაც ჯერ ბოლომდე არაა გამოხატული?
-არ ვიცი, ეს უფრო საკუთარი თავის კვლევაა ჩემთვის პირველ რიგში და მთელი სამყაროს კვლევაც ამავდროულად, რომლის ნაწილიც ხარ და ცალკე არ არსებობ და მე ნამდვილად ვხვდები, რომ ცალკე არ ვარსებობ. ემოციური კი ვარ ძალიან. ბავშვობაში არ ვიყავი ბავში, რაღაცნაირად გამოვტოვე თითქოს, დიდივით ვიყავი და სულ მაკლია ეს. ახლა თითქოს ვინაზღაურებ.
– გაქვთ ძალიან ორიგინალური იმიჯი… წითელი თმები…
– ფერების ნაკლებობა გამიჩნდა… დადგა დრო, როდესაც ვიგრძენი, რომ ფერები მაკლია, რომ ძალიან უფერული ვარ, ძალიან არ მომწონს ჩემი თავი, გარედან არა, შიგნიდან… ამ შეგრძნების დაძლევაში მეხმარება ფერადი ტანსაცმელი, ფერადი თმა…
– რატომღაც მგონია, რომ სევდა მეტია თქვენში, თქვენს შემოქმედებაში, ვიდრე სიხარული.
-კი, ალბათ, სევდა მეტია. არაფერი ჩემს ბავშვობაში მნიშვნელოანი არ მომხდარა, არც ტრაგედიები, მათ შორის. ეს იყო რაღაც ჩაკეტილი სამყაროს სევდა, ძალიან ჩაკეტილი, რომელშიც ვერ ეტევი. ძალიან ცოტა ადამიანია გარშემო, ფანჯარაც კი არ არის სამყაროსთან დამაკავშირებელი. მართლა ასე იყო, ინტერნეტი არ იყო, ხშირად დენიც არ იყო და… ამ დროს ხარ შენთვის ასე მარტო და გჭირდება ბევრი რამ. ფიქრობ, რომ ცხოვრება არასდროს გექნება, რომ სადღაც არსებობს ცოცხალი ცხოვრება და შენთან არ არის.
-და როდიდან დაიწყო ეს ცოცხალი ცხოვრება თქვენთვის?
-ცოცხალი ცხოვრება დაიწყო საკმაოდ გვიან. როცა წერა დავიწყე, ალბათ, მაშინ უფრო. როცა მე დავიწყე მოყოლა… როცა შენ ელაპარაკები, მერე სამყაროც გპასუხობს, როცა არ ელაპარაკები, მაშინ ისიც ჩუმად არის. ზურგით ხართ თითქოს ერთმანეთთან. წარმატებაც ძალიან მალე მოვიდა. ბავშვობაში ვწერდი, მერე აღარ… უცებ დაწერე რამდენიმე ლექსი და დავდე ფეისბუქზე. აღმოჩნდა, რომ ჩემი პოეზია ვიღაცას მოეწონა. დაბეჭდეს მაშინვე, არ მიწვალია ამაზე. ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, სულ ცოტა ხანში, ძალიან მიხაროდა მაშინ, ახლაც მიკვირს და მიხარია.
წყარო: sazogadoeba.ge, 25 იანვარი 2016