მედიაპლატფორმა ადვოკატის უფლებებისთვის, უნიკალური ორმაგი გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი, რომელსაც ვერავინ ხედავს
რა გეგმები აქვს ლევან ჭიღლაძეს აღმასრულებელ საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში
—————————
ორი პროფესია და ერთი მიზანი – ჟურნალისტი და იურისტი ლევან ჭიღლაძე ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იბრძვის.
სხვადასხვა მიმართულებების პროფესიული უნარების ტანდემი მან ადვოკატად მუშაობისას პრაქტიკაში უკვე დანერგა და საკუთარი საქმიანობის სავიზიტო ბარათადაც აქცია.
“მედიასეტმა” დამოუკიდებელ კანდიდატს რამდენიმე კითხვით მიმართა.
– ბატონო ლევან, როგორ აპირებთ გამოიყენოთ თქვენი უნიკალური ორმაგი გამოცდილება აღმასრულებელ საბჭოში?
– თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს წევრობა არ არის თანამდებობა. აღნიშნული ორგანო იღებს გადაწყვეტილებებს ,რომელიც ასოციაციის პოლიტიკას უნდა მოემსახუროს. აქ დაუშვებელია სპონტანურობა. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი ანალიზისა და კვალიფიკაციის შედეგი. ჟურნალისტური უნარები მეხმარება, უფრო მაშტაბურად შევხედო გამოწვევებს, გავაანალიზო მათი გავლენა სოციუმზე და ვიმოქმედო ოპერატიულად, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს პროფესიაში.
ჟურნალისტიკაში არის ასეთი პრინციპი – თემის აქტუალობა და ოპერატიულობა. აქტუალობა რომ გამოკვეთო, საზოგადოებრივ აზრს უნდა მოუსმინო, რომელიც აუცილებლად მიგიყვანს პრობლემის იდენტიფიცირებამდე, მაგრამ თუ ამაზე ოპერატიულად, სწრაფად ვერ მოახდენ რეაგირებას, ე.ი. თემა დაკარგე და მოთხოვნას დროშიც ვერ უპასუხე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტური და იურიდიული პროფესიების სინთეზი დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო ასოციაციის განვითარებაში.
– რა არის თქვენი მთავარი სამოქმედო პრიორიტეტი?
– ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია საკანონმდებლო ინიციატივების ბოლომდე მიყვანა. ეს მოითხოვს შეუპოვრობას და მე მზად ვარ, ამისთვის “რკინის ქალამნებიც” ჩავიცვა. ჩვენი მიზანია, ასოციაცია ვაქციოთ ყველაზე ეფექტურ და ანგარიშგასაწევ ძალად.
– თქვენ განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებთ მედიასთან კომუნიკაციასა და რეპუტაციის ამაღლებაზე. რას შესთავაზებთ ასოციაციას ამ მიმართულებით?
– სამწუხაროდ, ასოციაციას არ ჰყავს ქმედითი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. როდესაც ჩვენი ადვოკატები გახმაურებული საქმეების ბრალდებულებს იცავენ, ხშირად ექმნებათ პრობლემები მედიასთან ურთიერთობისას – ან არ აშუქებენ, ან ამახინჯებენ კონტექსტს
მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურა დაინტერესებულ პირებს პასუხს სცემს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის პრესრელიზებითაც. რატომ არ უნდა ჰქონდეს ასეთივე სერვისი ადვოკატთა ასოციაციასაც?
ჩემს საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტოს შექმნას. მე ვიღებ ვალდებულებას, თავად ჩავიბარო და ვუხელმძღვანელო ამ სამსახურს. ეს სააგენტო განახორციელებს სრულ ჟურნალისტურ საქმიანობას ადვოკატის უფლების დაცვისათვის.
როდესაც სასამართლო პროცესებზე კვლავ დაშვებული იქნება გადაღება, იქ აუცილებლად იდგება ჩვენი ასოციაციის კამერა და წარმომადგენელი. როდესაც ადვოკატი დაინახავს, რომ მისი მხარდამჭერი მედიასაშუალება დგას მის გვერდით, ეს შექმნის ბალანსს და ხელს შეუშლის არაობიექტურ მსაჯულობას. ეს არის ადვოკატის უფლების დაცვა სწორი კომუნიკაციით.
– რა მიგაჩნიათ ასოციაციის უდიდეს შიდა გამოწვევად და როგორ გეგმავთ მის დაძლევას?
– უდიდესი შიდა გამოწვევაა ადვოკატთა დაცვა და პროფესიული სტანდარტების განმტკიცება. ამას წყვეტს სწორედ ჩვენი დამოუკიდებელი მედიაპლატფორმა.
ასევე, ჩვენ გვყავს კოლოსალური ინტელექტუალური რესურსი – ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები, სამართლის პროფესორები, რომლებიც ევროპაში კითხულობენ ლექციებს, მაგრამ საზოგადოებამ მათ შესახებ ცოტა რამ იცის. დღევანდელმა ბორდმა ვერ დაინახა მეტის საჭიროება. ჩემი არჩევის შემთხვევაში, დიდი ძალისხმევას მოვახმარ მათ გამოვლენას და დაფასებას, რათა მათი ცოდნა მოვახმაროთ ასოციაციის წევრების პროფესიულ განვითარებას.
– როგორ უზრუნველყოფთ თქვენი დამოუკიდებლობის გამიჯვნას პოლიტიკური ან კორპორაციული ინტერესებისგან?
– ჩემი მიუკერძოებლობის მთავარი გარანტია არის ჩემი დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსი. მე მკაფიოდ ვემიჯნები კონკრეტულ პოლიტიკურ თუ კორპორაციულ ინტერესებს. აღმასრულებელი საბჭოს წევრის რანგში ჩემი ერთადერთი პოლიტიკა იქნება ასოციაციის პოლიტიკა და ადვოკატთა უფლებები.
– და ბოლოს, რა პრაქტიკულ მექანიზმებს შემოიღებთ საბჭოს ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად? რა იქნება თქვენი ყველაზე საამაყო შედეგი ერთი წლის შემდეგ?
– ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს გამჭვირვალობა და უკუკავშირის ქმედითი არხები, რასაც კვლავაც მედიაპლატფორმის მეშვეობით დავნერგავთ. ეს იქნება საზოგადოებისთვის და შესაბამისი უწყებებისთვის საჭირო ინფორმაციის რეგულარული, ოპერატიული მიწოდება და წევრების პრობლემებზე დროული რეაგირება.
ერთი წლის შემდეგ კი ყველაზე მეტად ვიამაყებ იმით, რომ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალებით დაკომპელქტებული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც იდგება ყველა ადვოკატის გვერდით. ეს იქნება დასტური იმისა, რომ ასოციაციისთვის ნამდვილად კარგი საქმე გავაკეთე.
ცნობისთვის, ადვოკატთა ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრებს საერთო კრება 14 დეკემბერს აირჩევს. ასოციაციის ინფორმაციით, არჩევნები უპრეცედენტო გამჭვირვალობით, ოპტიკური სკანერებითა და დამკვირვებლების მონაწილეობით ჩატარდება. ხმების დათვლა სრულად მანქანურად, “PCOS” საარჩევნო ოპტიკური სკანერებით მოხდება, ხოლო თავმჯდომარის არჩევნების შედეგები, დამატებით ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კრებაზევე საჯაროდ, ხელით გადაითვლება.