“შენ აფრენ”, ანუ რატომ ვერ გაუგეს “მეფეს” – ხელოვნება, რომელიც ისტორიას დარჩება

„ხელოვანი, რომელიც გგონია, რომ მღერის, მაგრამ ლექსს გიკითხავს, გგონია, რომ ტექსტს გიყვება, მაგრამ სინამდვილეში მუსიკას ქმნის, გგონია, რომ “მეფე” იყო, მაგრამ სინამდვლეში კი “პატარ-პატარა მეფეებს” დასცინოდა, გგონია, რომ სიყვარულზე მღერის და თურმე ჰიმნს წერს, გგონია, რომ საყვარელ ქალს ეფერება და სინამდვილეში სამშობლოზე მღერის”-ასე შეაფასა ირაკლი ჩარკვიანი, კულტუროლოგმა და პუბლიცისტმა, ნათია მეგრელიშვილმა.

მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და მწერალი ირაკლი ჩარკვიანი თბილისში, 1961 წლის 19 ნოემბერს დაიბადა. გაიზარდა ვერაზე, ნიკოლაძეზე. მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო. პირველად 14 წლის ასაკში გააღიზიანა ქართული მენტალიტეტი თავის მუსიკით. მისი პირველი კონცერტი სწორედ ამ ასაკში ახლადაშენებულ ტურბაზაში, ბაგებში შედგა და დამთავრდა იმით, რომ მთვრალმა მილიციელმა თმით ჩამოათრია სცენიდან. მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით ამბობს: „ამის შემდეგ კონცერტზე ხშირად თავგადაპარსული გავდიოდიო”.

მისი განსხვაბულობა კიდევ უფრო მეტისთვის გახდა გამაღიზიანებელი. არცაა გასაკვირი, რომ საბჭოთა საქართველოში ვერ გაუგეს ახალგაზრდას, რომელიც ქმნიდა და ასრულებდა როკს, იცვამდა ჯინსსა და გეგა კობახიძესთან ერთად ოთახის კედლებზე აშშ-ს დროშას ხატავდა.

ირაკლი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას 1976 წლიდან ჯგუფ “არიშთან” ერთად იწყებს, მაგრამ მას ფართო საზოგადოება ალბომ „ტაქსის” გამოჩენის შემდეგ გაიცნობს. ამ დროიდან იწყება მისი ლიტერატურული მოღვაწეობაც. 1982 წელს ქართულ პერიოდიკაში მისი მოთხორობები ქვეყნდება, 1989 წელს კი კრებულის სახით გამოდის და ერთ თვეში 3000 ეგზემპლარი იყიდება. Pპარალელურად გრძელდება ექსპერიმენტები მუსიკაში, რითაც კვლავ მოწმდება ქართული მენტალიტეტი . მისი მუსიკალური სოლო კარიერა იწყება სიმღერით „War is Over” , რასაც მალევე მოყვება პირველი სოლო ალბომი “Svan Songs “,რომელიც ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად დღემდე მიიჩნევა.

90-იან წლებში ირაკლი სულ უფრო პოპულარული ხდება. მასზე უკვე ისინიც ლაპარაკობენ, ვისაც არა მხოლოდ მისი, არამედ მუსიკა საერთოდ არ მოწონთ. იგი ამ პერიოდში ატარებს კონცერტებს ფილარმონიაში, ქუთაისის თეატრსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. კონცერტთა უმეტესობა საქველმოქმედოა. გიორგი შენგელაია იწვევს ფილმ “ორფეოსის სიკვდილში”, მიხეილ ჭიაურელის დოკუმენტურ ფილმში ფსალმუნებს კითხულობსAამავდროულად ქმნის რეაქტიულ პოეზიასა და აარსებს “რეაქტიულ კლუბს”, იცვლის იმიჯს, უშვებს ახალ ალბომს „აფრენ”, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მის სიმღერებს მისგან დაუკითხავად იყენებენ რეკლამებში, იპარავენ აუდიო-მეკობრეები, მღერიან მიწისქვეშა გადასასვლელებში. ირაკლის პოპულარობა პიკს აღწევს. ის მასმედიის ნებიერი ხდება. ტელევიზიები, პრესა და რადიო ერთმანეთს ეჯიბრება მის ხელში ჩასაგდებად, ყოველი ახალი ინტერვიუ კი განხილვის საგანი ხდება. მისი უნარი – მუდმივად იყოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამაში ძალიან ეხმარება.

21-ე საუკუნის პირველ წელს ირაკლი ახალი ალბომით ხვდება, რომლის, როგორც სახელწოდება _„ამო”, ასევე მასში შემავალი სიმღერებიც კვლავ ხდება საზოგადოების განხილვის საგანი. მოგვიანებით, მან ალბომის დასახელება ასე განმარტა: „ეს ალბომი ყველაზე კონცეპტუალურია იმათ შორის , რაც აქამდე გამიკეთებია. თავად სახელწოდება „ამო” ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჩემთვის მთავარია, ქართულ საზოგადოებას სტიმული მივცე, რომ იგი ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან არ არსებობს გ-ამო-სავალი, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი. ეს ალბომი სწორედ ამო-სავლის და არა გ-ამო-სავლის მომენტია. ძალიან მსურს ჩემი ალბომის სახელწოდებიდან გ-ამო-მდნარე, ჩვენი ქვეყანა გ-ამო-ვიდეს, წ-ამო-ვიდეს და ამო-ვიდეს იქიდან, რასაც მე-20 საუკუნე ჰქვია. ამ საუკუნიდან ბევრი ნეგატიური რამ არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, პოზტიურიც არსებობს, რაც აუცილებლად უნდა დარჩეს, მაგრამ ჩვენ ძველისგან გათავისუფლება მაინც უნდა შევძლოთ, რათა უფრო ახლები ვიყოთ. თვით იესო გვეუბნება რა დაემართება ახალ ღვინოს თუ მას ძველ ტიკებში ჩავასხამთ. შევეცადოთ, ცოტა ახლები გავხდეთ, ძველი ქერქიდან ამო-ვძვრეთ და სამყაროს შემეცნების ახალ სისტემაში ჩავერთოთ. თუნდაც „ამო” შელოცვად გავიგოთ – „ამო, ამო, მზეო”. ამ შელოცვას შეუძლია რაღაც ზემოთ ამო-იყვანოს და საქართველო მართლაც უკეთესი ქვეყანა გახადოს. “

პოპულარობის მომატებასთან ერთად იზრდება უარყოფითად განწყობილი ადამიანების რიცხვიც. ირაკლი და მისი შემოქმედება ბევრისთვის ხდება გამაღიზიანებელი. მისი მისამართით ისმის ფრაზები: „თვითონ აფრენს და თავისზე მღერის”; „სულ კაიფშია”; „გვეღადავება”; „მაგის მუსიკა მაგარი ნაგავია”; „მაგას როგორ უნდა უსმინო” _ასე ამბობდნენ ხელოვანზე, რომლის ცნობიარებაზეც გავლენა ჯეიმს ჯოისმა და მაიაკოვსკიმ მოახდინა. ხელოვანზე, რომელსაც ესიზმრებოდა გამთლიანებული საქართველო, ოცნებობდა მშვიდობაზე, სძულდა ტყუილი, ემტერებოდა თაღლითებს, უარყოფდა მარქსიზმს, ეთაყვანებოდა დიდ კომპოზიტორებს, სწამდა მუსიკის, ენატრებოდა ცა…

43 წლის ასაკში ირაკლი ჩარკვიანი „მეფე” გახდა, რასაც კვლავ მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებების ახალი ტალღა. ზოგმა თვითმარქვია უწოდა, ზოგმა ზედმეტად „გაბლატავებული”, ზოგმა ამბიციური, ზოგმა ისიც თქვა არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. მისი ფსევდონიმი, რომ გაგეგო ისევ მისთვის უნდა მოგესმინა, მან თავის რომანში “მშვიდი ცურვა” განმარტა: „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია.” ირაკლიმ სიცოცხლეშივე განიცდა უვდავება და თავის შემოქმედების მომავალის გარდა საკუთარი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა. რიცხვი 44-ც წინასწარ თქვა და ესეც: „ინტენსიურად როკვარსკვლავი ვხდებოდი და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგად გავართვი თავი ამ საქმეს. ჩემი პატარა ქვეყნისთვის საკმარისი რაოდენობის ჰიტი დავწერე და ლოგიკური იქნებოდა აღმავლობის პიკზე ტრაგიკულად გავცლოდი აქაურობას”

„მგონი სიკვდილის აღარ მეშინია და, ალბათ, ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელებიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.”

„მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს”
„გემუდარებით, იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ”

2006 წლის 24 თებერვალს ირაკლი თავის სახლში, მამისმა, გელა ჩარკვიანმა, გარდაცვლილი ნახა. როდესაც ლადო ბურდულმა ეს გაიგო, თქვა :„ახლა ვიღას უნდა შევეჯიბროო”

ირაკლის გარდაცვალებასთანაც თავის დამოკიდებულება ჰქონდა _„ისე უნდა მოკვდე, რომ თავიდან დაიბადო” ირაკლი ჩარკვიანი სიკვდილის შემდეგ თავიდან დაიბადა. დღეს უკვე ხშირად ისმის ფრაზები : „ირაკლი რომ ცოცხალი იყოს” ; „ახლა ირაკლი ამაზე იტყოდა” ; „მისი მუსიკა უკვდავია” და ა. შ. ამბობენ, სიკვდილის მერე უფრო გაიაზრა ხალხმა მისი შემოქმედებაო, უფრო ბევრმა დააფასაო. ესეც იცოდა:„ჭეშმარიტი დაბადება ხომ მხოლოდ სიკვდილის მერეა შესაძლებელი, განსაკუთრებით ჩვენს, კავკასიურად შემოფარგლულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთაერთი ბილეთია საყოველთაო სიყვაულის სპექტაკლზე”.

წყარო: sazogadoeba.ge, 19 ნოემბერი 2016

You may also like

Leave a Comment

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
-
00:00
00:00
Update Required Flash plugin
-
00:00
00:00